ელექტროგადამცემი ხაზები, მსოფლიო მასშტაბით მრავალი სახეობის ფრინველისათვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით მტაცებელი ფრინველებისათვის, რადგან სწორედ ამ ჯგუფში ფიქსირდება ყველაზე მაღალი მოწყვლადობის მაჩვენებელი.
ყოველწლიურად მილიონზე მეტი ფრინველი იღუპება ელექტოგადამცემ ხაზებთან შეჯახებითა და ელექტოანძებზე დენის დარტყმის შედეგად
- დენის დარტყმა – ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ფრინველი უშუალოდ ეხება დადებითად (+) და უარყოფითად (-) დამუხტულ ორ სადენს რაც წრედის შეკვრას და ფრინველის მოკვდინებას იწვევს. ასევე დენის დარტყმა ხდება მაშინ, როდესაც ელექტროგადამცემი ანძის დამცავი იზოლატორი დაზიანებულია და ელექტროენერგია უშუალოდ ანძაზე გადადის.
- ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახება – ასევე ითვლება ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მსოფლიოში, მილიონზე მეტი ფრინველი იღუპება ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დიდი ზომის ფრინველების შემთხვევაში, რადგაც ფრენის დროს, ჰაერში მათ უჭირთ სწრაფი მანევრირება.
ელექტროგადამცემი ხაზების მიზეზით ფრინველთა სიკვდილიანობა გლობალური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ რეგიონებში, რომელიც მაღალი ენერგეტიკული მოთხოვნილებით გამოირჩევა. მაგალითად კატალონიაში, დენის დარტყმა ერთ-ერთი ძირითადი სიკვდილიანობის მიზეზია იქ ბინადარი ქორისებრი არწივისათვის (Aquila fasciata). ანალოგიური სიტუაციაა ესპანეთშიც, სადაც ყოველწლიურად უამრავლი ესპანური ბექობის არწივი (Aquila adalberti) იღუპება. უამრავია მსგავსი მაგალითი, მრავალ მოწყვლად სახეობაზე, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ფაქტია, ეს პრობლემა არა მარტო ევრაზიის კონტინენტზე არამედ მთელს მსოფლიოში მწვავედ დგას. ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ბინადარი თეთრთავა არწივის (რომელიც შტატების სიმბოლოდ ითვლება) მრავალი ინდივიდი იღუპება (Haliaeetus leucocephalus) აფრიკის მაგალითზე კი საკმაოდ ბევრი ლეშიჭამია ფრინველი ასრულებს სიცოცხლეს დენის დარტყმისა თუ ელექტროგადამცემ ხაზთან შეჯახების შედეგად.
2010 წელს გამოქვეყნდა სტატია, „ Journal of Wildlife Management“-ში, რომელშიც სწორად ეს საკითხები იყო განხილული. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში არსებობს 1000-ამდე განსხვავებული ელექტროგადამცემი ანძის მოდელი, რომელიც სხვადასხვა დონით წარმოადგენენ საფრთხეს ფრინველთათვის.
ჯოან რეალის განმარტებით: „ელექტოგადამცემი ხაზებით გამოწვეული სიკვდილიანობა დამოკიდებულია ელექტროტექნიკური დიზაინისა და მის გარშემო არსებულ ბუნებრივ მახასიათებლებზე, მისივე თქმით, თუ ჩვენგამოვიყენებთ პროგნოზირებად მოდელს, შევძლებთ ამ პრობლემის გაცილებით ეფექტურად მართვას.“ ის თვლის, რომ შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება თუ გამოვლინდება ფრინველთათვის ყველაზე საშიში ანძები და შემდგომ ისინი ჩანაცვლდება შედარებით დაბალი რისკის მქონე ანძებით. მისივე გათვლებით: ასეთი ანძების 6%-ით მოშლის შემთხვევაში, ფრინველთა სიკვდილიანობა შეიძლება 70%-ით შევამციროთ.
ბოლო პერიოდამდე ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი იყო თუ რა გავლენა ჰქონდა ელექტრო გადამცემ ანძებს ფრინველთა სიკდილიანობაზე საქართველოში, მხოლოდ ერთეულ დაღუპულ ფრინველს თუ ვნახავდით ანძის ქვეშ ჩამოვარდნილს.
მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოგვეცა საშუალება უფრო ღრმად ჩაგვეხედა ამ თემაში. ეს კი ისევ და ისევ GPS გადამცემის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ ბექობის არწივის (Aquila heliaca) ახალგაზრდა მართვეებს ვუყენებთ. ამის მეშვეობით უკვე მარტივი ხდება ყოველდღიურად თვალი ადევნო ფრინველს სად მიდის, როდის წყდება მისგან სიგნალი და რა მიზეზით.
რას წარმოადგენს GPS გადამცემი?
თანამედროვე ტექნოლოგიებით ცხოველის მოძრაობის მოდელების შესწავლა საკმაოდ გაადვილებული პროცესია. გლობალური პოზიციონირების სისტემა(GPS) 1990 წლებიდან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახეობების მონიტორინგის პროცესში. ცხოველებისათვის GPS გადამცემების დამაგრებითა და გამოყენებით შესაძლებელი გახდა ინდივიდის მიერგანხორციელებული ათასობით გადაადგილების დამახსოვრება და შესწავლა. GPS-ის გამოყენებას უდიდესიმნიშვნელობა აქვს ინდივიდების მიერ ჰაბიტატების შერჩევის პროცესის კვლევაში (Clément Calenge, Dray, and Royer-Carenzi 2009).
2016 წელს 4 მართვეს დაუყენდა გადამცემი, რომლთაგან ერთი მათგანი მალევე საქართველოს ტერიტორიაზე, რუსთავის მიმდებარედ ვიპოვეთ ელექტროგადამცემი ანძის ქვეშ დაღუპული. დანარჩენმა სამმა მართვემ საქართველოს ტერიტორია მშვიდობიანად დატოვა, მაგრამ მალევე ორი აზერბაიჯანისა და ერთი თურქეთის ტერიტორიაზე იგივე მიზეზით, დენის დარტყმით დაიღუპა.
2017 წელს კი უკვე 6 მართვისთვის მოხდა გადამცემის დაყენება. შედეგი აქაც სავალალო აღმოჩნდა, ოთხი მათგანი უკვე დაიღუპა დენის დარტყმის შედეგად და მხოლოდ ორი ფრინველი განაგრძნობს ცხოვრებას ერთი ირანისა და მეორე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე.
გამოდის რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 10 ფრინველიდან, 8 მათგანის დაღუპვის მიზეზი ელექტროგადამცემი ანძები გახდა ანუ 80%-იანი სიკდილიანობა დაფიქსირდა რაც რა თქმა უნდა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შესაძლოა სიკვდილიანობა მათ ასაკსაც უკავშირდება, რადგან ახალგაზრდა ფრინველი ყოველთვის გამოუცდელია და ფრენის დროსაც ვერ მანევრირებს ისე, როგორც ამას ზრდასრული ფრინველი ახერხებს. სამწუხაროდ ამ საკითხზე დაკვირვებისა და გამოკვლევის საშუალება ბოლომდე არ მოგვეცა, რადგან 2 წელს ჯერ ვერცერთმა ფრინველმა ვერ მიაღწია და ყველა მათგანი 1 წლის ასაკშივე დაიღუპა.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მოგვეცეს ამ ფრინველზე ხელახალი დაკვირვების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ ზუსტად რა დოზით ახდენს გავლენას ელექტროგადამცემი ხაზები ბექობის არწივის ქართულ პოპულაციის რიცხოვნობაზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Tintó, Albert; Real, Joan; Manyosa, Santi. Predicting and correcting electrocution of birds in mediterranean areas. Journal of Wildlife Management, 2010, 74(8): 1852-1862
- Àlex Rollan, Joan Real, Rafel Bosch, Albert Tintó, Antonio Hernández-Matías. Modelling the risk of collision with power lines in Bonelli’s Eagle Hieraaetus fasciatus and its conservation implications. Bird Conservation International, 2010; 20 (03): 279 DOI: 10.1017/S0959270910000250
- Robert N. Lehman, Patricia L. Kennedy, Julie A. Savidge. “The state of the art in raptor electrocution research”