იცოდით, რომ ფრინველებზე დაკვირვება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობია? თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა.
1800-იანი წლების ბოლოს ფრინველებზე დაკვირვებით ძალიან ცოტა ადამიანი იყო დაინტერესებული. მაგალითად, ამერიკის ფრინველების მკვლევართა უმეტესობას ამ დროისთვის მხოლოდ ორნითოლოგები, ხელოვანები, საველე მკვლევარები და ის ადამიანები შეადგენდნენ, რომლებიც კვერცხების კოლექციებს აგროვებდნენ. 1900-იანი წლების ბოლომდე კლუბები არც კი არსებობდა. ბევრი მათგანი ბუნებისმოყვარულებმა დაარსეს ბოსტონში, ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში. 1934 წელს როჯერ ტორი პეტერსონმა გამოაქვეყნა ფრინველთა სარკვევი, რამაც ამ მიმართულებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
II მსოფლიო ომის შემდეგ დურბინდები მოსახლეობისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდა და „მეჩიტეობისადმი“ ინტერესი კვლავ განახლდა. ამის შემდგომმა განვითარებამ – ტექნიკურმა, სოციალურმა და ლიტერატურულმა თუ სხვა დამატებითმა რესურსებმა მომდევნო 50 წლის განმავლობაში ნამდვილი ბუმი გამოიწვია.
მაგალითისათვის რომ მოვიყვანოთ, „სიბლის ფრინველთა სარკვევი“ 2000 წელს გამოიცა და მას შემდეგ 500,000 ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. იმატა ფრინველთა ფესტივალების რიცხვმა მსოფლიოს გარშემო. 1990-იანების დასაწყისში ამერიკის გარშემო 20-მდე ფესტივალი იყო, დღესდღეობით კი მხოლოდ შეერთებული შტატებისა და კანადის ტერიტორიაზე 200-ზე მეტია. რაც მთავარია, ფრინველებზე დასაკვირვებელი ბილიკების განვითარებით ვითარდება ადგილობრივი მხცოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ამ ადგილებში ტურიზმი შემოსავლის კარგი წყარო ხდება.
თუ ფრინველები გაინტერესებთ, მაგრამ ქალაქიდან გასვლას ხშირად ვერ ახერხებთ, გული არ დაგწყდეთ! ფრინველებზე დაკვირვება ურბანულ ზონაშიც შეიძლება (Urban Birding). მეტიც, ის ძალიან პოპულარულია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თბილისი, მშენებლობების და ხმაურის მიუხედავად, ბიომრავალფეროვნების მხრივ მდიდარია.
ფრინველების შესასწავლად აუცილებელი არაა, ქალაქში სპეციალურად გახვიდეთ, სალაშქროდ ჩაიცვათ ან ძალიან კარგი დურბინდი გქონდეთ. უბრალოდ, მაღლა აიხედეთ!
თუ ამ საქმეს უფრო სერიოზულად გინდათ მიუდგეთ, გაითვალისწინეთ:
• კარგი დურბინდით უფრო კარგ შთაბეჭდილებებს მიიღებთ და ჰობიც გაცილებით სასიამოვნო გახდება.
• კარგი იქნება, თუ ფრინველთა სარკვევს გამოიყენებთ. მათში მოცემულის ის ძირითადი ნიშნები, რომლებითაც ფრინველების ამოცნობას ადვილად შეძლებთ.
• თუ სარკვევი არ გაქვთ, შეგიძლიათ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ფრინველებზე ინფორმაცია წინასწარ მონახოთ. ამ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და იშვიათი ფრინველი შეგხვდათ, მას ადვილად ამოიცნობთ.
• თუ ინგლისური იცით, შეგიძიათ გადმოტვირთოთ უამრავი სარკვევი აპლიკაციის სახით. მათ ის უპირატესობაც აქვთ, რომ ხმის საშუალებით გაიგებთ, რომელი ფრინველები არიან თქვენს გარშემო, მაშინაც კი – თუ მათ ვერ ხედავთ.
• თუ კარგი კამერაც გაქვთ, არ დაგავიწყდეთ!
თუმცა ფრინველებს ქუჩებშიც გადააწყდებით, ბოტანიკური ბაღი და პარკები მაინც საუკეთესო ადგილებია მათზე დასაკვირვებლად.
ეს ჰობი ბავშვებსაც ძალიან აინტერესებთ. შეგიძლიათ, პატარები და თინეიჯერები წაიყვანოთ და ფრინველები ერთად მოძებნოთ – ეს მათ ძალიან ახალისებს და სწავლის სურვილსაც უჩენს. თანაც, დროის ერთად გატარებისა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის შენარჩუნების საშუალებაც გექნებათ.
საინტერესო ინფორმაცია: დევიდ ლინდო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრინველებზე დამკვირვებელია, რომელიც ცდილობს ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა დააინტერესოს. https://theurbanbirder.com/