კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ცხვრის სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოავლინოს გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღნიშნული სექტორი დგას. კვლევაში გაანალიზებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები, სხვადასხვა კვლევა და აღნიშნული სექტორის წარმომადგენელთაგან ჩაღრმავებული ინტერვიუების გზით მიღებული ინფორმაცია.
ცხვრის სექტორში შეინიშნება მრავალი გამოწვევა. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება და განხორციელება ხელს შეუწყობს მოცემული სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა, ყურადსაღებია ისეთი რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც შეესაბამება სექტორის მდგრად განვითარებას:
დღესდღეობით, საძოვრებზე შეინიშნება ცხვრის გადაჭარბებული რაოდენობა. ინტენსიური ძოვება ხელს უწყობს საძოვრების მდგომარეობის გაუარესებას. რეკომენდირებულია, საქართველოს რეგიონების მიხედვით საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება და მისი შემდგომი დანერგვა, გადაჭარბებული ძოვებისა და დეგრადაციის თავიდან აცილების მიზნით;
რეკომენდირებულია, ფერმერთა და მწყემსთა ცნობადობის ამაღლება მიმდინარე სიახლეების, მათ შორის, მონაცვლეობითი ძოვების დანერგვის საჭიროების შესახებ. სასურველია, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;
ცხოველთა წამლების, ვეტერინარული მომსახურების წვდომის გაუმჯობესება. ცხოველთა დაავადების დროული იდენტიფიცირების მიზნით ტრენინგების პერიოდული უზრუნველყოფა;
ცხვრის ფარას უწევს ხანგრძლივი გადაადგილება წყლის დასალევად, რაც ცხვრების წონაში კლებას იწვევს. სასურველია დასარწყულებლის მოწყობა ფერმებთან ახლოს;
ბეწვის კრეჭის გამოცდილების გაუმჯობესება. საჭიროა ტრენინგი აღნიშნულ საქმიანობაში. ამასთანავე, სასურველია, მატყლის კლასიფიკაციის გამოცდილების დანერგვა;
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება მატყლის გადამუშავების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მატყლის ფასეულობათა ჯაჭვის განვითარებას და შეამცირებს გადაყრილი/დამწვარი მატყლის რაოდენობას;
ცხვრის წველისას ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება და წარმოებული პროდუქციის დივერსიფიცირება შემდგომი რეალიზაციის ზრდის მიზნით. მაგ., ყველი, რძე, ა.შ