საბუკომ კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგი კოლხეთის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს ეხებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
ტრენინგი – შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გაიმართა და გადამზადებულ მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.
გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა – ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და საფრთხეები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანთროპოგენული ზემოქმედებით გამოწვეულ საფრთხეებსა და ინვაზიური სახეობების გავრცელებაზე, ასევე გაეცნენ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მნიშვნელობას და მონიტორინგის მონაცემების გამოყენების შესაძლებლობას პოლიტიკის წარმოებისა და ადვოკატირების პროცესში.
გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ დრონის გამოყენებით გარემოს მონიტორინგის ინოვაციურ მეთოდოლოგიას, აპარატის აგებულებას, მისიის დაგეგმვისა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების პროცესებს. ტრენინგის მონაწილეები თავად ჩაერთვნენ დრონის მისიის დაგეგმავაში და მოწყობილობის მართვის გამოცდილებაც მიიღეს. ტრენინგის განხორციელებაში აქტიურად იყვენენ ჩართული პროექტის ექსპერტები, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეინჯერები.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგის პროექტს საბუკო 2020 წლიდან ახორციელებს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საერთო პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის შემუშავებას.