დასაწყისი: სექტემბერი, 2021
ხანგრძლივობა: 2 წელი
საბუკო 2021 წლის სექტემბრიდან გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს ჭაჭუნის აღკვეთილში ბუნების კონსერვაციაზე ორიენტირებული ვიზიტორთა მომსახურების სერვისების შექმნასა და განვითარების ორწლიან პროექტს. პროექტის ფარგლებში, საბუკო შეიმუშავებს ჭაჭუნის აღკვეთილის ეკოტურიზმის განვითარების ბიზნეს-გეგმას, რომელიც განხორციელდება ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციასა და ადგილობრივი მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობით. საბუკო ასევე მოაწყობს ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის:
- ბუნგალო;
- საკარვე ადგილი;
- ლეშიჭამია ფრინველების საკვებური;
- ფრინველებზე დასაკვირვებელი პუნქტი.
ტერიტორიის პოპულარიზაციის მიზნით შემუშავდება ონლაინ და ბეჭდური საინფორმაციო მასალები. ასევე იგეგმება საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების განახლება, რათა ვიზიტორებისთვის ჭაჭუნაში მოგზაურობა მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.
ჭაჭუნას აღკვეთილში ეკოტურისტული სერვისების დივერსიფიკაციის, პარტნიორობის გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ტურისტულ სფეროში ჩართული სერვისების პროვაიდერებთან, მათ შორის, გიდებთან, ტურ-ოპერატორებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, საკვებით და საცხოვრებელი მომსახურების მომწოდებელ პირებთან. შესაბამის ექსპერტთა ჩართვით, შემუშავდება სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო თუ საექსკურსიო პროგრამები, რაც ადგილობრივ ადმინისტრაციას ვიზიტორებთან გაუმჯობესებული კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. ამასთანავე, განახლდება სათავგადასავლო-საინფორმაციო ბილიკების რუკები, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება როგორც ონლაინ, ისე ბეჭდური სახით.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და მათი პერიოდული ტრენინგი ეკოტურიზმის ბიზნესის მართვაში. წლის განმავლობაში დატრენინგდება ეკოტურიზმში ჩართული 20 ადგილობრივი, მათ შორის, სულ მცირე 10 ქალი.