ფრინველებთა მიგრაცია ნამდვილად ბუნებრივი საოცრებაა. ეს მათი სეზონური მოძრაობაა, რა დროსაც ისინი ფარავენ ასობით და ათასობით კილომეტრს იმისთვის, რომ იპოვონ საუკეთესო გარემო საკვების მოსაპოვებლად, გამრავლებისათვის და საკუთარი ბარტყების იდეალურ გარემოში გაზრდისათვის. ხოლო მაშინ, როდესაც საბუდარ ტერიტორიებზე ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, მოდის დრო, რომ გადაინაცვლონ იქ, სადაც საცხოვრებელი პირობები უკეთესია. ფრინველთა უმრავლესობა მიგრირებს ჩრდილოეთის საბუდარი ტერიტორიებიდან, სამხრეთის გამოსაზამთრებელი ტერიტორიების მიმართულებით.
ნამდვილად საოცარია თუ როგორ ახერხებენ ისინი ასეთი სიზუსტით იმოძრაონ ყოველი გაზაფხულისა და შემოდგომის მიგრაციის სეზონებზე. როგორ ახერხებენ ისინი საკუთარი საფრენი ტრაექტორიის ზუსტად განსაზღვრას ჯერ კიდეც არ არის ბოლომდე გამოკვლეული. ფაქტია, მათ შეუძლიათ ორიენტირი აიღონ დღის განმავლობაში ფრენის დროს მზის მეშვეობით, ღამის განმავლობაში ფრენის დროს კი ვარსკვლავების მეშვეობით.
საქართველოში ბინადარი ფრინველების დიდი ნაწილიც, ყოველწლიურად უერთდება ამ გასაოცარ მოვლენას და ზამთრის დადგომასთან ერთად სამხრეთისკენ იღებენ გეზს. არც ჩვენი არწივები ჩამორჩნენ მათ, ალბათ გახსოვთ ზაფხულში 6 ბექობის არწივის მართვეს რომ GPS გადამცემი დავუმაგრეთ, სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რომ გაგვეგო სად წავიდოდნენ ჩვები არწივები, როცა საქართველოში სუსხიანი ზამთარი დადგებოდა.
რას წარმოადგენს GPS გადამცემი?
თანამედროვე ტექნოლოგიებით ცხოველის მოძრაობის მოდელების შესწავლა საკმაოდ გაადვილებული პროცესია. გლობალური პოზიციონირების სისტემა(GPS) 1990 წლებიდან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახეობების მონიტორინგის პროცესში. ცხოველებისათვის GPS გადამცემების დამაგრებითა და გამოყენებით შესაძლებელი გახდა ინდივიდის მიერ განხორციელებული ათასობით გადაადგილების დამახსოვრება და შესწავლა. GPS-ის გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინდივიდების მიერ ჰაბიტატების შერჩევის პროცესის კვლევაში (Clément Calenge, Dray, and Royer-Carenzi 2009).
ბექობის არწივი / Aquila heliaca
დღესდღეისობით უამრავი მტაცებელი ფრინველი და მათ შორის ბექობის არწივი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა. ბექობის არწივი გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მისი გავრცელების არეალი ფარავს სამხრეთ ციმბირის, ჩინეთისა და მონღოლოლეთის უკუდურეს ჩრდილოთ ნაწილებს, ასევე კავკასიის რეგიონს.
ბექობის არწივი (Aquila heliaca) IUCN-ის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც მოწყვლადი სახეობა (Birdlife International 2015), საქართველოში კი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა (Georgian biodiversity database, 2017). მეოცე საუკენუში ბექობის არწივის პოპულაცია გლობალურ დონეზე სწრაფი შემცირებით ხასიათდებოდა, საქართველოში ბექობის არწივის პოპულაციის ძირითად საფრთხეებად საბუდარი ჰაბიტატების დეგრადაცია, მოსახლეობის მიერ შეწუხების ფაქტორი და ელექტროგადამცემი ხაზები განისაზღვრება.
ბექობის არწივი, ძირითადად, მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, რეპტილებით და ფრინველებით იკვებება. თუმცა მისი საკვების ტიპი ხშირად დამოკიდებულია მისი გავრცელების ჰაბიტატზეც. მაგალითად კავკასიის რეგიონში ბექობის არწივის საკვების 30% წარმოდგენილია რეპტილიებით, 54 პროცენტი მღრღნელებით. საქართველოში ბექობის არწივი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. მის საბუდარ ტერიტორიას მდინარე მტკვრის, ალაზნის, ივრისა და ხრამის ველები წარმოადგენს, ასევე გავრცელებულია ივრის ზეგანზე. საბუდრად ძირითადად მშრალ, ნათელ ტყეებს, ბარის სტეპებს, ნახევარუდაბნოს, ჭალის და მეჩხერი ტყის მიმდებარე ტერიტორიებს ირჩევს. ბექობის არწივის ბუდე შესაძლოა მოთავსებული იყოს როგორც ხეზე (მაგ:. Populus alba) ისე ელექტრო-გადამცემი ხაზების კონსტრუქციაზე.
ივლისის დასაწყისში 4 ბუდეში გამოჩეკილ ბექობის არწივის (Aquila heliaca) მართვეებს, (რუსთავისა და კახეთის ტერიტორიებზე) დავუყენეთ GPS გადამცემები, მალევე ყველა მათგანმა დატოვა ბუდე, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბუდის შორიახლოს, დაბნეულები მოძრაობენენ. მალევე მიხვდნენ სად იყვნენ, რა უნდოდა და მიგრაციაც დაიწყეს. ექვსივე მათგანმა დატოვა საქართველოს ტერიტორია, დაიყვნენ აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მიმართულებით, ცოტა ხანი იქ იტრიალეს, მაგრამ სამწუხაროდ 4 მართვე მალევე დაიღუპა ელექტროგადამცემ ხაზებზე დენის დარტყმის გამო. ორმა მათგანმა კი დაიწყო დიდი მოგზაურობა თბილი ქვეყნებისაკენ.
დღეს ორივე მართვე კარგად გრძნობს თავს და განაგრძობენ ცხოვრებას ერთი ირანის, ხოლო მეორე საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ გაზაფხულზე, უკან გამოფრინდებიან და ბინას ისევ საქართველოს ტერიტორიაზე დაიდებენ.