„გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოში არსებულ საძოვრებზე, მათ შორის, ივრის ზეგანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, დატვირთვა დაახლოებით 1994 წლიდან გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მწყემსები აღარ იყენებდნენ ყიზლარის ზამთრის საძოვრებს.
გადაჭარბებულმა ძოვებამ კი საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვია სერიოზული პრობლემები, მათ შორის ხაზგასასმელია ბალახოვანი საფარის დაკნინება, დამლაშება, ე.წ ბედლენდების („ცუდი მიწები“) მომრავლება და ჭალის ტყეების შემცირება.
მცენარეული საფარის გაღარიბებისა და ნიადაგის დამლაშების, ეროზიის გამო, ცხვრის გადასვლა მოხდა მდინარის ნაპირებთან ახლოს. ჭარბი ძოვება უარყოფითად მოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე, რაც ველური ცხოველების ჰაბიტატის შემცირებაში გამოიხატება.
ანგარიშის მიზანია, განიხილოს, თუ რამდენად განსაზღვრავს ეროვნული კანონმდებლობა საძოვრების მდგრადი მართვისთვის საჭირო ღონისძიებებს და რამდენად პასუხობს დღეისათვის არსებულ ერთერთ მწვავე პრობლემას – მიწის საფარის დეგრადაციას.