კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი, შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“, 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის („ნიგოზა“), 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება არაერთხელ შეჩერდა (2021 წლის აპრილიდან – 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით). სკოპინგის ეტაპის დაწყებიდან (2020 წლის აპრილი), მიმდინარე პროცესი, რაც თან ახლავს ნიგოზას ქარის სადგურის პროექტს, არღვევს როგორც საერთაშორისო დირექტივების, ასევე ეროვნული კანონმდებლობს მოთხოვნებს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავსი სახით ადმინისტრაციული წარმოების პროცესის რამდენჯერმე შეჩერებას. მით უფრო, ისეთი მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო, როგორიცაა: პროექტის ადგილმდებარეობის ალტერნატივების განხილვა და ბიომრავალფეროვნებაზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება (აღნიშნული წარმოადგენს საქმიანობაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და არა – ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების). სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში; ამ შემთხვევაში კი, ხარვეზის დადგენის ვადები არ იყო დაცული.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-12 მუხლის, მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში იქმნება საექსპერტო კომისია. მზადდება დასკვნა, რისთვისაც 40 დღე არის გამოყოფილი. პირველად გზშ დოკუმენტაცია გამოქვეყნდა 2021 წლის აპრილის თვეში და ამ დრომდე, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საბუკოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები კომპანიის მხრიდან არ გამოსწორებულა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე საბუკოს მხრიდან დასმული პრობლემატური საკითხები, კვლავ გადაუჭრელი რჩება, ამიტომ კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საბუკოს მოსაზრებებს პროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ დამატებით ხარვეზებზეც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე 2021 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვერ პასუხობს ვერც ერთ დასმულ კრიტიკულ საკითხს, მეტიც, კომპანიის მხრიდან კიდევ ერთხელ ხდება იმ საფუძვლის აღნიშვნა, რამაც გზშ პროცესის ნაკლოვანებები განაპირობა. მაგალითად, როგორიცაა წინასწარ გაფორმებული მემორანდუმი სახელმწიფოსა და კომპანიას შორის.
კომპანია კვლავაც ადასტურებს, რომ კვერნაკის ქედი, როგორც პროექტის განხორციელების ადგილი, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმით წინასწარ შეთანხმდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დაწყებამდე. შესაბამისად, სხვა ალტერნატიულ საპროექტო ტრიტორიას, ვერ განიხილავდნენ, რადგან ეს მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენდა. მათ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად არ შეუსწავლიათ ალტერნატივები და ეს სკოპინგის ეტაპზევე განაცხადეს: „წინასწარი მონაცემების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული ქარის რეჟიმი ხელსაყრელია ელეტროენერგიის წარმოების თვალსაზრისით. გამომდინარე აღნიშნულიდან, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში და შესაბამისად საპროექტო არეალის ალტერნატიული ვარიანტები განხილვას არ ექვემდებარება“.
ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე აკრძალული არ არის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მაგრამ ამ დოკუმენტაციაზე დაყრდობით, რაც კომპანიამ წარმოადგინა, დაუშვებელია პროექტის განხორციელება.
ჰაბიტატების დირექტივის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება ზურხმუტის ქსელის ტერიტორიებზეც. დირექტივის მე-3 და მე-4 პუნქტი ადგენს პროცედურულ და არსებით გარანტიებს/უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნას იმ გეგმებისა და პროექტების მიმართ, რომელთაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნებათ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე. დირექტივა მოითხოვს, რომ ახალი პროექტები, ან გეგმები განხორციელდეს იმგვარად, რომ მათ შეუქცევადი გავლენა არ იქონიონ ტერიტორიების მთლიანობაზე.
ჰაბიტატების დირექტივის მე-6 მუხლის მიხედვით, ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება უნდა განხორციელდეს სწორი მეთოდოლოგიით. საფუძვლიანი კვლევა, ადრეული კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან, ხელს უწყობს გადაწყვეტილების უფრო სწორად, სწრაფად და გამარტივებულად მიღებას. იგი, ასევე, საქმიანობის განხორციელების მსურველებს, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებული საკითხების ადრეულ ეტაპზევე გათვალისწინების შესაძლებლობას აძლევს. ეს ყოველივე ემსახურება იმას, რომ შემუშავდეს ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც თავიდან ააცილებს, ან მინიმუმამდე დაიყვანს Natura 2000/ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე უარყოფით ზეგავლენას. ცალსახაა, რომ დირექტივის მოთხოვნებს ვერ პასუხობს აღნიშნული დოკუმენტაცია და კომპანიის მხრიდან ვერ ხდება იმის დასაბუთება, თუ რამდენად უარყოფითად აისახება, ან არ აისახება პროექტის განხორციელება კვერნაკის ქედზე გავრცელებულ ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებზე.
კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, კვლავაც რომ არასათანადოდ არის მომზადებული, ამაზე – „მოსაზრებები საბუკოს შენიშვნებთან დაკავშირებით“ – მოცემული ინფორმაცია მეტყველებს; ავტორი საუბრობს ჰესის ინფრასტრუქტურის განთავსების ალტერნატიულ ვარიანტზე. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ: „ამასთანავე ჰესის
ინფრასტრუქტურის განთავსების მიღებული ალტერნატიული ვარიანტით განსაზღვრული საპროექტო ტერიტორია გამოირჩევა მაღალი ანთროპოგენური დატვირთვით“.
კომპანიის მხრიდან არასწორია იმის მტკიცება, რომ ნიგოზას ქარის სადგურის შერჩეულ ტერიტორიაზე საქართველოს და საერთაშორისო წითელ ნუსხაში, ზურმუხტის ქსელის უბნის სტანდარტულ მონაცემთა ფორმაში შეტანილი სახეობების ჰაბიტატები წარმოდგენილი არ არის. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ: „არასამთავრობო ორგანიზაცია საბუკო აღნიშნავს, რომ 2021 წლის მაისის თვეში მათ მიერ ჩატარებული საველე კვლევების პერიოდში დაფიქსირებული იქნა საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი რამდენიმე მტაცებელი ფრინველის სახეობა, მათ შორის ფასკუნჯი, ორბი, ბექობის არწივი და წითელი იხვი.
აღნიშნული სახეობების ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის საპროექტო არეალში დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია გზშ-ს ანგარიშში (იხილეთ გზშ-ს ანგარიში პარაგრაფი 6.1.5.2.8.), კერძოდ: ანგარიშში მოცემულია, რომ საპროექტო არეალში ჩატარებული კვლევების პერიოდში სახეობები დაფიქსირებულია არაერთხელ. მასთანავე ანგარიშში მოცემული აღნიშნული სახეობების ცხოვრების ნირის და საბინადრო ადგილების დახასიათება. ამასთანავე ცალსახადაა მოცემული, რომ ნიგოზას ქეს-ის საპროექტო არეალის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე არც ერთი აღნიშნული სახეობის საბინადრო ჰაბიტატები პროექტის გავლენის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოდგენილი არ არის. ზოგადად ეს სახეობები შეიძლება დაფიქსირდეს ყველგან საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ქეს-ის პროექტი ქვეყანაში არსად არ უნდა განხორციელდეს. როგორც აღინიშნა, საპროექტო არეალში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არ ფიქსირდება ამ სახეობებისათვის ხელსაყრელი საბინადრო ჰაბიტატები და პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ასეთი ჰაბიტატების დაკარგვას“.
ეს იმის გათვალისწინებით, რომ ნიგოზას ქარის სადგურის მოწყობის ადგილი წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის ნაწილს და დაცული სახეობების საარსებოდ ხელსაყრელ ტერიტორიას. გარდა ამისა, დასახელებული სახეობების დაფიქსირება შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ნაკლები სიხშირით. მაგალითად, ფასკუნჯის მობუდარი წყვილების მსგავსი კონცეტრაცია სხვაგან ნაკლებად ფიქსირდება.
ალექსანდრე აბულაძის ინფორმაცია, რომ ფასკუნჯი მეოცე საუკის 70-იანი წლებიდან იყენებს საბუდრად კვერნაკის ქედს, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ქედის მნიშვნელობას და იმას რომ ტერიტორია, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მსგავსი ინფრასტრუქტურული განვითარებისგან, თუ არ ხდება მოსალოდნელი რისკების ზედმიწევნით განსაზღვრა, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით.
ამასთან მნიშვნელოვანია, კვერნაკის ქედზე არსებული პოტენციური საბუდარი ადგილების არსებობა. ვინაიდან, რიცხოვნობის მატების შემთხვევაში და მოზრდილობის პერიოდში, ფრინველებს შეეძლოთ ამ ტერიტორიაზე დაბუდება და რაიმე სახის დაბრკოლებას არ წააწყდნენ.
2021 წლის ბუდობის სეზონის დამთავრებამდე საბუკოს მიერ GPS გადამცემი დაუმაგრდა ფასკუნჯის ახალგამოჩეკილ ინდივიდს.
ეს ინდივიდი, ეთიოპიაში, გადამცემი ხაზის ანძის ქვეშ დაფიქსირდა 2021 წლის ნოებრის დასაწყისში (იხ.სურათი). სავარაუდოა, რომ მისი დაღუპვის მიზეზი სწორედ გადამცემი ხაზის ანძა, დენის დარტყმა გახდა. ამგვარად, ცალსახაა კვლევის გაგრძელების აუცილებლობა, მით უფრო რომ პირველივე დათაგული ინდივიდი მსგავს ვითარებაში დაიღუპა. ეს კი, შესაძლოა მათ მოწყვლადობაზე მეტყველებდეს, მსგავსი სახის ინფრასტრუქტურის მიმართ.
კვერნაკის ქედზე, ორი დაგეგმილი ქარის სადგურის მშენებლობის შემთხვევაში, მინიმუმ 27 ტურბინისა და მისი თანხმლები ინფრასტრუქტურის განთავსება, როგორიცაა გადამცემი ხაზები, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდეს წითელი ნუსხით და ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისთვის.
კვლავ აღვნიშნავთ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩატარდეს სრულყოფილი კვლევა, მათ შორის, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს მოსალოდნელი ზემოქმედება. მხოლოდ ამის შემდგომ, მოხდეს პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.