ორჰუსის კონვენციის განხორციელების მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტი არ მოიცავს რიგ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კონვენციის ეფექტიანი აღსრულებისთვის. ასევე, კონვენციით მონიჭებული უფლებებით – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის სრულყოფილად სარგებლობისათვის, მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებებს წარმოადგენს.
დღეს, არსებული პრაქტიკა ვერ პასუხობს ორჰუსის კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რაც ანგარიშში ნახსენები არ არის. კერძოდ, შეზღუდულია ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების საშუალება, რასაც განაპირობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებული ჩანაწერი, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მაგალითისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ, საბუკოს უარი ეთქვა სს“კავკასიის ქარის კომპანიის“ კასპის ქარის ელექტროსადგურის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. მთავრობის ადმინისტაციის განმარტებით, ამის საფუძველს სადავო ბრძანებაში მითითებული გასაჩივრების ფორმა და წესი წარმოადგენს, რომლის გათვალისწინებით, აქტი შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ეს პრაქტიკა ქმნის როგორც ფინანსურ, ასევე პროცედურულ დაბრკოლებებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება დაკავშირებულია ფინანსურ შესაძლებლობებთან. ასევე, არ ხდება მართლმსაჯულებაზე დროულად ხელმისაწვდომობა, რასაც Covid-19 პანდემიით გამოწვეული გაჭიანურებული სასამართლო პროცესები განაპირობებს.
დღეისათვის, სასამართლო არ აჩერებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მოქმედებას, რის გამოც, სხვადასხვა სადავო პროექტებზე ადმინისტრაციული წარმოებები გრძელდება. მიუხედევად ხარვეზებისა შესაძლოა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებაც კი გაიცეს საქმიანობაზე, მაშინ როდესაც სკოპინგის დასკვნა არის გასაჩივრებული. ეს გარემოება, დამატებით მოითხოვს საზოგადოებისგან კვლავ სასამართლოსთვის მიმართვას, შესაბამისად, საქმიანობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა არათუ მარტივდება, არამედ იქმნება პროცედურული სირთულეები და დამატებითი დაბრკოლება წარმოიშობა. მაგალითისთვის, 2020 წლის 10 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, არ დაკმაყოფილდა საბუკოს შუამდგომლობა კასპის მუნიციპალიტეტში, შპს “ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ ქარის ელექტროსადგურის (ნიგოზა მგვტ) მშენებლობისა და ექსპულატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 21 მაისის N2-425 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
საბუკოს პოზიცია ვრცლად იხილეთ დოკუმენტში