გლობალურად, ურბანულ ადგილებში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად. ურბანიზაცია ცხოველთა თანასაზოგადოებების კომპოზიციას მნიშვნელოვნად ცვლის.
ურბანიზაციის პროცესში ზოგიერთი სახეობა საერთოდ ქრება ამ ჰაბიტატიდან. მაგალითისთვის, ფრინველები, რომლებისაც სპეციფიკური ადგილები აქვთ კვებისთვის, საზრდოს საძებრად სხვაგან გადავლენ. სახეობები, რომლებსაც ასე სწრაფად მოძრაობა და ადაპტაცია არ შეუძლიათ, ქრებიან.
სხვა სახეობების პარალელურად, ყვავები და მტრედები პირიქით – ქალაქში ინაცვლებენ და მათი სიმჭიდროვე იზრდება. ურბანიზაცია ფრინველთა თანასაზოგადოებებსაც ფილტრავს.
თუმცა, რა გავლენას ახდენს ურბანიზაცია ველურ ბუნებაზე, ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გარემოს დაცვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ამ ეფექტის მექანიზმის შესწავლა ჩვენთან ერთად მცხოვრები სახეობების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტია.
ურბანიზაცია იწვევს ჰაბიტატის ფრაგმენტაციას – ანუ, საცხოვრებელი გარემო ნაწევრდება და ერთმანეთთან კავშირს წყვეტს. ხდება ჰაბიტატის დაკარგვაც, რადგან მზარდი მშენებლობების თუ ახალი გზების ადგილები ბიომასას არ აწარმოებენ. ამის გამო სახეობები სხვაგვარ, ადამიანის მიერ შექმნილი სტრესის პირისპირ რჩებიან.
ფიზიოლოგიური და ეკოლოგიური ცვლილებები ორგანიზმებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ, თუმცა, ისინი მასპინძელი-პარაზიტისა და მტაცებელსა და მსხვერპლს შორის ბუნებრივ ურთიერთობასაც ცვლიან.
ხანგრძლივი და მუდმივი ფიზიოლოგიური სტრესი, რასაც დაბინძურებული ჰაერი, ხმაური და სინათლე წარმოადგენს, ასევე – საკვების ხარისხის გაუარესება, პარაზიტებისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმებს უფრო მგრძნობიარეს ხდის.
ტოქსიკური ნარევებისაგან გათავისუფლება შეუძლებელია გამონაბოლქვისა და ანტიგენების – მტვრისა თუ პარაზიტების გამო, რასაც თავისი შედეგები აქვს – იქნება ეს გაზრდილი მოლეკულური დაზიანება, ქსოვილის დისფუნქცია თუ სიკვდილი დაავადებებისაგან.
თუმცა, კვლევამ დიდ ბრიტანეთში აჩვენა, რომ ბრიტანელებში პოპულარული ჰობი – ფრინველების გამოკვება – მნიშვნელოვნად ცვლის ბაღის ფრინველების თანასაზოგადოებებს. გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ეზოებში ფრინველებს კვებავს, რამოდენიმე სახეობის პოპულაცია გაიზარდა. გაიზარდა სახეობათა მრავალფეროვნებაც, რომლებიც საკვებურებს სტუმრობენ.
სახეობებმა, რომლებიც წინათ ნაკლებად იყვნენ შემჩნეული ეზოების საკვებურებით სარგებლობაში, დროთა განმავლობაში დაიწყეს მათი გამოყენება. ბრიტანეთის ურბანულ დასახლებებში იმ ფრინველების რაოდენობა იზრდება, რომლებიც საკვებურებს იყენებენ. იმ სახეობების პოპულაციები კი, რომლებიც საკვებურებით არ სარგებლობენ, უცვლელი რჩება.
ეს შედეგები ცხადყოფენ იმ მიმდინარე, საერთო გავლენას, რასაც ადამიანები ფართო მასშტაბით ახდენენ ფრინველთა თანასაზოგადოებების სტრუქტურაზე.
.
(Extract from the article published on weforum.org by Petra Sumasgutner and Caroline Isaksson, and ‚The composition of British bird communities is associated with long-term garden bird feeding’ by Kate E. Plummer, Kate Risely, Mike P. Toms & Gavin M. Siriwardena on nature.com )