ქალაქ რუსთავიდან 20 კილომეტრის მოშორებით ჯანდარის ულამაზესი ტბა მდებარეობს, რომელიც დამსვენებლებისთვის მცირე რეკრეაციულ ზონას, ფრინველმზირებისათვის კი საინტერესო ჰაბიტატს წარმოადგენს.
ჯანდარის ტბამდე, გზად, მცირედ დაჭაოებებულ ტერიტორიებზე, ბევრ საინტერესო სახეობის ფრინველს ვხვდებით. ნათელი ფერების გამო მცირე თეთრი ყანჩა ყველაზე ადვილად შესამჩნევია. სიჩუმეს კი ღაჟოების ჟღურტული არღვევს.
გზად აღმოაჩნეთ ჭალებსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო მშრალ სტეპებად იქცნენ.
იქვე, სანაპიროზე კი ნავში მთვლემარე მეთევზეებსაც დაინახავთ.
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში პატარა წყალსატევი იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან არხი გაიყვანეს. 1927 წელს ტბა დააშრეს, ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. აქ ზაფხულში ტემპერატურა 30-32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), თუმცა იშვიათად იყინება. ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. ჯანდარის ტბა ძირითადად მტკვრის წყლით ივსება, რომელიც აქ გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით შედის.
ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა ტბის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის შლამით.
ჯანდარის ტბის სახეცვლილებამ ის დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. მტკვირს მიერ მოტანილი ნაგავი და დამაბუნძურებული ნივთიერებები ტბის ცოცხალ სამყაროს საფრთხეს უქმნის, წყლის რესურსების არარეგულირებადი გამოყენება კი ტბის დონეს მნიშვნელოვნად ცვლის.
დაბინძურების გარდა ტბისთვის საფრთხეს წარმოადგენს უკანონო თევზაობაც.
ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს. მათ შორისაა: 500-700 წითელთავა ყვინთია; 200-300 წითელი იხვი; 10000-15000 გარეული იხვი; 800-1500 ჭიკვარა, მცირე რაოდენობით თეთრთვალა ყვინთია, ქოჩორა ყვინთია, ამაყა და მცირე ბატასინა; 80-100 ქოჩორა ვარხვი; 200-500 დიდი ჩვამა.
წელს ტბაზე მოსვლა მხოლოდ ადრეულ შემოდგომას მოვახერხეთ, როცა ფრინველთა ბუდობა უკვე დასრულებელია. ირგვლივ ბოლოქანქარები, ჩიბუხები, მეჭვავიები და მენაპირეები საკვებს დაეძებენ. ლელიანში შოშიები და მეჩალიები ფუსფუსით იჭერენ მცირე ზომის მწერებს. ბექობის არწივი კი, რომელიც ახლოსვე ბინადრობს, შორიდან ათვალიერებს ჯანდარის ტბას.
ტელესკოპით ადვილად შეგვიძლია დავაკვირდეთ სხვადასხვა სახეობის თოლიებს, ფრთათეთრ თევზიყლაპიას, ან ასამდე ივეოსი დავთვალოთ.
უეცრად გამოჩენილი ხონთქრის ქათმის ნახვა მოულოდნელი სურპრიზია.
შუადღისას მზეც უკვე აუტანლად გვაჭერს და ფრინველების აქტივობაც კლებულობს, ამიტომ ჯანდარის ტბას ხვალამდე ვემშვიდობებით.
ჯანდარის ტბა ფრინველთათვის გლობალურად მნიშვნელოვანი ადგილია.
მეტის წასაკითხად: SPA 6 / IBA GEO27 http://aves.biodiversity-georgia.net/spa-n-6
ნანახი სახეობები იხილეთ ბმულზე: https://ebird.org/hotspot/L3961053