გარეულ ცხოველებთან ახლო კონტაქტი ნადირობისა და ვაჭრობის დროს, ასევე მათი ჰაბიტატის შემცირება, მსოფლიოში ახალი დაავადებების აფეთქების რისკს ზრდის.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცხადი, რომ კაცობრიობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ცხოველებისა და მთლიანად ჩვენი პლანეტის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული.
კორონავირუსი, ღორის გრიპი, ფრინველის გრიპი, ებოლა, ძროხების სპონგიოფორმული ენცეფალოპათია, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და მრავალი სხვა – გასული ათწლეულების განმავლობაში რეგულარულად გვიწევდა ისეთ ინფექციებთან ბრძოლა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელდა.
ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც ცხოველიდან ადამიანებზე და პირიქით – ადამიანიდან ცხოველებზე გადადიან, ზოონოზები ეწოდებათ.
როგორ ჩნდებიან ისინი, როგორ შეიძლება მათი გავრცელების აცილება და საერთოდ, რა კავშირი აქვთ ზოონოზებს სახეობების გლობალურ გადაშენებასთან?
ზონოზური ინფექცია შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, ბაქტერიით, სოკოთი ან პარაზიტებით. მათი გადაცემა შეიძლება ადამიანის მჭიდრო კონტაქტით ცხოველებთან – იქნება ეს ველური ან შინაური ცხოველი თუ სამეურნეო საქმიანობა. გავრცელებაზე მოქმედი ფაქტორებია გარეული ცხოველებით ვაჭრობა, ზეწოლა ეკოსისტემებზე, საქონლის ინდუსტრიული მოშენება, ხორცისა და ძვლის საკვებად გამოყენება, საკვების წარმოებისას ჰიგიენის დაუცველობა და ა.შ.
ვირუსული ეპიდემიების დროს, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი გავრცელების საწყის სტადიებზე იღუპება. დროთა განმავლობაში კი სიკვდილიანობა იკლებს. ვირუსის მიზანი მასპინძელი ორგანიზმის მოკვლა არ არის. ისევე, როგორც ყველა ევოლუციურ პროცესში, მისი მიზანი გადარჩენა და რეპროდუქციაა. ასე რომ, ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას და ქმნიან მასპინძლისადმი ნაკლებად აგრესიულ ვარიაციებს.
ზოონოზური დაავადებების გადაცემის რისკის ქვეშ ყველაზე მეტად მონადირეები და ის ადამიანები არიან, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ხორცის წარმოებასთან. აღმოჩნდა, რომ ადამიანის საქმიანობის გამო გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი ცხოველები იმაზე ორჯერ მეტ ისეთ ვირუსს ატარებენ, რომლებიც ადამიანსაც შეიძლება გადაეცეს, ვიდრე ის სახეობები, რომლებიც სხვა ფაქტორის გამო არიან საფრთხეში.
იგივე შედეგები იყო იმ სახეობებისთვისაც, რომლებიც საფრთხეში ჰაბიტატის დაკარგვის გამო არიან.
სახეობები გადაადგილდებიან ანთროპოგენული აქტივობებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის ცვლილების გამო. ეს აჩქარებს ახალი დაავადებების გამოჩენას, რაც გლობალური პანდემიების რისკს ზრდის. გარეული ცხოველების ბაზრობები, რომლებიც, როგორც წესი, მჭიდრო და ხალხმრავალია, იდეალური გარემოა დაავადებების იმ სახეობებს შორის გადასასვლელად, რომლებიც ბუნებაში ერთად არ მოხვდებოდნენ.
იმ დაავადებათა ნახევრის გავრცელება, რომლებიც ადამიანებს ცხოველებისაგან 1940 წლის შემდეგ გადაეცათ, შესაძლოა მივაწეროთ ცვლილებებს მიწათმოქმედებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების მიღებასა და ნადირობაში (Keesig et.al., Nature, 2010). როდესაც ტყეებსა და სხვა ჰაბიტატებს ვანადგურებთ, ეკოსისტემებში ძირეულ ცვლილებებს ვიწვევთ.
მხოლოდ ტყეებში მილიონობით ცხოველი და მცენარე, პარაზიტი, ვირუსი, სოკო და ბაქტერია ბინადრობს. ისინი წონასწორობაში იმყოფებიან იმ სახეობებთან, რომლებთან ერთადაც განვითარდნენ და თანაარსებობენ. ადამიანისათვის საშიში პათოგენი მასპინძელი ცხოველის ორგანიზმში სიმპტომებს ხშირად საერთოდ არ ავლენს. თუ ამ ეკოსისტემებში შევიჭრებით და მათ მოვსპობთ, პათოგენები მასპინძელ ორგანიზმს დაკარგავენ და ახლის ძებნას დაიწყებენ – ეს კი, არც თუ ისე იშვიათად, ადამიანია. ადამიანთა ყველა ინფექციის 60% ზოონოზურია.
- ებოლას გავრცელება დასავლეთ აფრიკაში ტყის მასის დაკარგვისა და ამის გამო ადამიანისა და ველურ სახეობებს შორის გაზრდილი კონტაქტის შედეგი იყო.
- ფრინველის გრიპი დაკავშირებული იყო შინაური ფრინველის ინტენსიურ წარმოებასთან.
- ნიპას ვირუსი მალაიზიაში ღორის ხორცისა და ხილის წარმოების გაზრდას უკავშირდება.
- ესპანურმა გრიპმა 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მსგავსი პათოგენი გამოჩნდა 2009 წელსაც – H1N1, ანუ ღორის გრიპი, რომლის გამოც დაახლოებით 280.000 ადამიანი დაიღუპა.
ყველაფრის მიუხედავად, ადამიანებსა და ცხოველებს შორის კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია. ერთად ვცხოვრობთ და ჩვენი ადგილიც ერთმანეთის გვერდითაა. თუმცა, დაავადებათა გავრცელების შეჩერება ვაქცინაციით შეიძლება. ის, რაც ადამიანებს შეგვიძლია, ცხოველების დაცვაა. მათი დაცვით კი საკუთარ თავსაც ვუფრთხილდებით.
საინტერესო ფაქტები, წყარო – UNEP:
1. ადამიანებსა და პირუტყვს შორის ურთიერთობა პოტენციური პათოგენების რისკის ქვეშ გვაყენებს. ბევრი ზოონოზისათვოს პირუტყვია ის ეპიდემიური ხიდი, რომელიც გარეულ ცხოველებს ადამიანებთან აკავშირებს.
2. ზოონოზური დაავადებების გავრცელების წამყვანი მიზეზები გარემოს ცვლილებებია, რომლებიც როგორც წესი ადამიანის გამო ხდება. დაწყებული მიწის გამოყენებით, დამთავრებული კლიმატის ცვლილებით; ცვლილებები მასპინძელ ორგანიზმებს შორის, და ცვლილებები იმ პათოგენებში, რომლებიც განიცდიან ევოლუციას ახალი მასპინძლის მოსაპოვებლად.
3. მაგალითისათვის, ღამურებთან ასოცირებული ვირუსები მათი ჰაბიტატის დაკარგვის ბრალია, რაც გამოიხატება ტყის საფარის შემცირებთა და მიწათმოქმედების გაფართოებით. თავად ღამურები ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან დამტვერვისა და მწერების პოპულაციების კონტროლის გამო.
4. ეკოსისტემის მთლიანობა ადამიანების ჯანმრთელობისა და განვითარების საფუძველია. ადამიანი კი თავისი საქმიანობით ცვლის სახეობების პოპულაციათა სტრუქტურას, ამცირებს ბიომრავალფეროვნებას, რაც შემდეგ ქმნის ისეთ გარემო პირობებს, რომლებიც განსაკუთრებით სასიკეთოა გარკვეული მასპინძელი ან ვექტორი ორგანიზმების თუ პათოგენებისათვის.
5. ეკოსისტემის მთლიანობა არეგულირებს დაავადებებს, რადგანაც სახეობათა მრავალფეროვნების დროს ერთი პათოგენის გადაცემა, გაძლიერება და დომინირება გაცილებით ძნელია.
სტატია მომზადებულია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და მაქს პლანკის საზოგადოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.