Spring Alive საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ორგანიზებას უწევს BirdLife International. კამპანიის მიზანია ევროპელი, აზიელი და აფრიკელი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ფრინველების, მიგრაციისა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა.
მონაწილეები მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან რეგისტრირდებიან ვებსაიტზე www.springalive.net, თვალს ადევნებენ 7 სახეობის მოსვლას და შემდეგ საიტზე არეგისტრირებენ მონაცემებს. სახეობებია: თეთრი ყარყატი, სოფლის მერცხალი, ნამგალა, გუგული, ოქროსფერი კვირიონი, საყელოიანი წინტალა და მენაპირე მერცხალი.
მონაწილეებს ასევე შეუძლიათ მონიშნონ 7 სამიზნე სახეობა რუკაზე, როდესაც მათ საქართველოში პირველად ნახავენ. ამგვარად ფრინველთა მიგრაციის პროგრესი რუკაზე აისახება და მასზე დროში დაკვირვება ნებისმიერს შეუძლია.
შესაძლოა, რუკაზე ნანახი ფრინველების მონიშვნა სახალისო იყოს, მაგრამ „სამოქალაქო მეცნიერებს“ გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ მონაცემების შეგროვებასა და საზოგადოების ინფორმირებაში.
რა არის „სამოქალაქო მეცნიერება“ და როგორ შემიჭლია მონაწილეობა?
რა არის სამოქალაქო მეცნიერება?
მარტივად რომ ვთქვათ, სამოქალაქო მეცნიერება არის კვლევა, რომელსაც აწარმოებენ ადამიანები, რომლებიც არ არიან პროფესიონალი მეცნიერები.
მსოფლიოს ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა იმ ადამიანებმა გააკეთეს, რომლებსაც ოფიციალური სამეცნიერო ხარისხი და დაფინანსება არ ჰქონით. მაგალითისთვის, პლანეტა ურანი 1781 წელს მოყვარულმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. მან საკუთარი ტელესკოპი შექმნა, თავს კი მუსიკით ირჩენდა. ყველაზე ცნობილი ნატურალისტი, ევოლუციის თეორიის ავტორი ჩარლზ დარვინიც კი, პროფესიით ექიმი იყო.
სამოქალაქო მეცნიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც მეცნიერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევთ მონაცემების შეგროვება. მაშინ, როცა მათ საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსი არ აქვთ, პროექტში მოხალისეები ერთვებიან.
„სამოქალაქო მეცნიერები“ ნამდვილი ექსპერტები არ არიან. ხშირად მათი ამოცანები მარტივია: მაგალითად, მცენარეებისთვის ფოტოების გადაღება ან ფრინველების აღრიცხვა. უფრო რთული დავალებებისთვის მოხალისეებს ტრენინგი უტარდებათ.
როგორ ეხმარება „სამოქალაქო მეცნიერება“ ფრინველებს?
ფრინველები მსოფლიოს ყველა ნაწილში ბინადრობენ და ხშირად მიგრირებენ დიდ მანძილზე. სამოქალაქო მეცნიერებით შეიძლება შევისწავლოთ მათი გადაადგილების ტრაექტორია, დრო, რიცხვი და ცვლილებები. ამ ინფორმაციით შესაძლებელი ხდება განვსაზღვროთ, ზუსტად რომელი ჰაბიტატებია საფრთხეში, შემდეგ კი ვიმოქმედოთ. მაგალითისთვის, პანევროპული მონიტორინგის სქემის საშუალებით გავიგეთ, რომ ბოლო 40 წელში ევროპამ 600 მილიონი წყვილი მობუდარი ფრინველი დაკარგა. მთავარი გამომწვევი მიზეზი ინტენსიური მიწათმოქმედება იყო.
მსოფლიოს გარშემო მოხალისეები იყენებენ მობილურ აპლიკაციას Natura Alert mobile phone app , რომლის საშუალებითაც ნიშნავენ იმ საფრთხეებს, რომლებიც ადგილობრივ ფრინველთათვის მნიშვნელოვან ადგილებს ემუქრება.
ფრინველები ისეთ ადგილებშიც ბინადრობენ, სადაც მეცნიერებს წვდომა უჭირთ. ასეთ დროს ადგილობრივების დახმარება მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, ბორნეოს ტროპიკულ ტყეში ვიზიტორებმა უცნაური ფრინველი შენიშნეს და მისი ფოტო ადგილობრივ ფრინველებზე დამკვირვებლებს გაუგზავნეს. სწორედ ასე აღმოაჩინეს, რომ სახეობა, რომელიც 172 წლის განმავლობაში გადაშენებული ეგონათ, აქ ისევ ბინადრობს.
კიდევ ერთი სარგებელი, რაც სამოქალაქო მეცნიერებას მოაქვს ის არის, რომ ადამიანებს ბუნებისა სიყვარულსა და პატივისცემას ასწავლის. რაც უფრო მეტი იციან ადამიანებმა ფრინველებზე, მით მეტად იცავენ მათ. ეს იდეა საუკუნოვანი გამოცდილებით მტკიცდება: 1900 წელს ორნითოლოგმა ფრანკ ჩაპმანმა აშშ-ში დაარსა ფრინველთა საშობაო დათვლა. ეს იყო მცდელობა, ტრადიციული საშობაო ნადირობა, რომლის გამოც დღეში ათასობით ფრინველი იხოცებოდა, ფრინველებზე დაკვირვების შეჯიბრით შეეცვალათ.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
სამოქალაქო მეცნიერება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა SpringAlive-ის სახეობებზე დაკვირვებაა. მათ შესახებ ინფორმაციას მასალებში და ვებსაიტზე www.springAlive.net იპოვით. ამგვარად მიგრაციისათვის თვალის დევნებაში დაგვეხმარებით.
თუ ადგილობრივ სახეობებზე დაკვირვება გსურთ, საბუკოს დაუკავშირდით მიმართულებისათვის. თუ ზოგადად ბიომრავალფეროვნება გაინტერესებთ, არსებობს არაერთი მობილური აპლიკაცია, მაგ. eBird mobile app, სადაც ნანახი ფრინველთა სახეობების ჩაწერა და გაზიარება შეგიძლიათ.
ასევე არსებობს საერთაშორისო თარიღები: Global Big Day, Global Bird Weekend და EuroBirdwatch, როდესაც ფრინველთა ყოველწლიური დათვლა ხდება.
თუ სამოქალაქო მეცნიერება დაგაინტერესებთ, წესებიც უნდა გაითვალისწინოთ, ბუნებას ზიანი რომ არ მოუტანოთ.
ეცადეთ, სახეობებს შორიახლოს დააკვირდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა ინსტრუქცია გაქვთ. შეტანილი ინფორმაცია რაც შეიძლება ზუსტი უნდა იყოს. სთხოვეთ ექსპერტებს, გადაამოწმონ ჩანაწერები, რომლებშიც დარწმულებული არ ხართ. ამგვარად თქვენს შეგროვებულ მონაცემებს მეცნიერებისთვის გაცილებით ღირებულს გახდით.
ქართულენოვანი აპლიკაცია ფრინველებზე დაკვირვებისთვის
პროექტისა და მასალების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის – საბუკო
(0322) 90 74 93
საერთაშორისო საიტი: www.springalive.net
სოციალური მედია: Facebook, YouTube, Flickr
პროექტს კოორდინირებას უწევს OTOP (BirdLife პოლონეთი). 2022 წელს პროექტს აფინანსებს HeidelbergCement.