შეწყვილების სეზონის დროს მამრი ფრინველები მდედრების მოსაზიდად და საკუთარი ტერიტორიების მოსანიშნად გალობენ. ამ გალობათა უმეტესობა ძალიან მელოდიურია. ფრინველებს ასევე აქვთ ბგერები განგაშისთვის, ერთმანეთთან კავშირისა და საკვების პოვნისას. თუმცა, გალობისაგან განსხვავებით ეს ბგერები უფრო მოკლე და ნაკლებ მელოდიურია. ზოგიერთი ფრინველი ნიშნებისა და გალობის მაგივრად ვოკალურ ბგერებს სულაც არ იყენებს. მაგალითად, კოდალები რიტმულად აკაკუნებენ ხეზე. ამ კაკუნით შეუძლიათ მოიზიდონ პარტნიორი, ან გააფრთხილონ სხვა მამრი, რომ ტერიტორია დაკავებულია.
ყველა ფრინველი გალობას ერთდროულად არ იწყებს. ეს მზის ამოსვლისას ხდება, მაგრამ გალობის დაწყების დრო სხვადასხვა სახეობებისთვის მზის დახრის კუთხის მიხედვით განსხვავდება.
ისევე, როგორც ადამიანების ენა, ფრინველთა სხვადასხვა სახეობებს სხვადასხვანაირი ხმები აქვთ. სწორედ ამიტომ, მათი გარჩევა ხმითაც შეიძლება. თუმცა, არსებობენ ისეთი ფრინველებიც, რომლებიც სხვებს ბაძავენ!
ისწავლე ფრინველების გარჩევა მათი გალობის მიხედვით
დაგჭირდებათ ერთი ადამიანი, რომელიც ფრინველთა ხმებს ჩართავს.
დაწყებამდე მოუსმინეთ ხმებს და ეცადეთ დაიმახსოვროთ, რომელი რომელ ფრინველს ეკუთვნის.
ოთახის სხვადასხვა კუთხე გამოიყენეთ „ბუდეებად“. ბავშვებმა დაწერონ ფრინველების სახეობები ქაღალდზე და განათავსონ კუთხეებში. თითოეული ფრინველის ხმის მოსმენისას ბავშვები უნდა „გაფრინდნენ“ შესაბამის ბუდეში.
ჩართეთ პირველი ხმა და უთხარით ბავშვებს, რომ სწორი ბუდისკენ წავიდნენ. ასე გააგრძელეთ ბოლომდე. მას შემდეგ, რაც ბავშვები გათამამდებიან და ხმებს დაიმახსოვრებენ, შეცვალეთ ჩართვის თანმიმდევრობა.
ეს სავარჯიშო მათ სახეობების ხმების ადვილად დამახსოვრებაში დაეხმარება, რადგანაც ვარჯიშისას იმოძრავებენ.
თუ გსურთ, მეტი სახეობის გალობა ისწავლოთ, მონიშნეთ დამატებითი ადგილები ოთახში. ბმულზე xeno-canto.org კი უამრავ რესურსს იპოვით.