ნაკვალევი
ბევრი ცხოველი, გასაგები მიზეზების გამო, ადამიანებთან კონტაქტს გაურბის. ამიტომაც ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ისინი შორიახლოს არ არიან.
ზამთარი შესანიშნავი დროა, რომ ცხოველების დეტექტივის როლი მოირგოთ და მათი ნაკვალევი ეძებოთ. შიშველ ხეებზე ის ბუდეებიც ჩანს, რომლებიც ზაფხულში ფოთლებით საგულდაგულოდაა დაფარული. დაღრღნილი და დამტვრეული კაკალი და გირჩები, ასევე ცხოველების ექსკრემენტები ზამთარში გაცილებით ადვილი საპოვნელია. თოვლსა და ტალახში კი ნაფეხურები ადვილად ეტყობა. ზოგიერთი ნაკვალევის გარჩევა და დამახსოვრება ადვილია, ზოგს – მეტი გამოცდილება და დაკვირვება სჭირდება.
ნაკვალევი მარტო იმას კი არ მოგვითხრობს, თუ ვის ეკუთვნის იგი, არამედ – ამბავსაც. მაგალითად, ცხოველი სირბილისას და ნელა მოძრაობისას სხვადასხვაგვარ ნაკვალევს ტოვებს. ხანდახან წავები მდინარის ნაპირზე ჩაცურდებიან ხოლმე. ფრინველმა აფრენისას შესაძლოა ბუმბულიც დატოვოს.
ნადირობდა თუ არა ერთი ცხოველი მეორეზე? გამოცდილ ადამიანებს ნაკვალევის მიხედვით ცხოველის სქესისა და ასაკის დადგენაც შეუძლიათ.
რა დაგჭირდებათ აქტივობისთვის:
- მახვილი მზერა
- კალამი და ქაღალდი
- კამერა
- თუ შესაძლებელია, ცნობარი სხვადასხვა ნაკვალევით, შესადარებლად
ამ ნაფეხურებმა შესაძლოა, ამბებიც მოგითხრონ.
როცა აქტივობას დაასრულებ, გამოგვიგზავნე ფოტოები მეილზე office@sabuko.ge და მიუთითე შენი სახელი და გვარი:
თუ ამ საკითხში უკეთ გარკვევა გსურს, შესაძლოა ეს ბმული გამოგადგეს: www.naturetracking.com
მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი ამერიკისთვისაა შექმნილი, მისი შინაარსი ხშირად კავკასიასაც მიესადაგება. აპლიკაცია iTrack Wildlife ასევე შეიძლება გამოგადგეს. ძირითადი ვერსია უფასოდაა ხელმისაწდომი. თუმცა, გაითვალისწინე, რომ აქედან ზოგიერთი სახეობა კავკასიაში არ გვხვდება.
წაიღე ცხოველების ნაკვალევი სახლში
თუ შენთვის მხოლოდ ფოტოები საკმარისი არ არის, ნაკვალევის სახლში წაღებაც შეგიძლია. ამისათვის დაგჭირდება:
- დაახლოებით 500 გ სწრაფად შრობადი თაბაშირი
- ძველი ფინჯანი
- ჩხირი, მოსარევად
- მუყაოს ნაჭერი 25 x 4 სმ
- ქაღალდის დამჭერი კლიპი
- წყალი
მუყაოს ნაჭერი ბეჭდის მსგავსად დაახვიე და ბოლოები ქაღალდის დამჭერით შეკარი. მუყაო მიწაში ოდნავ ჩაუშვი და ნაკვალევის გარშემო ჩაამაგრე. თაბაშირს წყალი დაუმატე ისე, რომ ძალიან არ გასქელდეს. ნაფეხური ამ მასით ამოავსე და გაშრობას დაელოდე, შემდეგ კი – ფრთხილად ამოიღე. ესეც ასე, ახლა მისი სახლში წაღებაც შეგიძლია!
დამატებითი ვიზუალიზაციისათვის იხილეთ ვიდეო