ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოში სამშენებლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს თავისი როლი ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერაში როგორც მოპოვების, ასევე აღდგენის პროცესში. კომპანია Birdlife International-ის პარტნიორია და საქართველოში საგანმანათლებლო კამპანია SpringAlive მეორე წელია მისი მხარდაჭერით ხორციელდება.
SpringAlive მარტივი, საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანიც ევრაზიისა და აფრიკის ქვეყნებში ბავშვებისათვის გადამფრენი ფრინველების შესახებ სწავლებაა. პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება დროში რეალური რუკა. პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის მზადდება საგანმანათლებლო მასალები, იდეები, პუბლიკაციები, კონკურსები.
2020 წელს “საბუკომ” ჰაიდელბერგცემენტის მხარდაჭერით ქალაქ დედოფლისწყაროს სკოლის მოსწავლეებისთვის ორდღიანი ბანაკი მოაწყო. მოსწავლეებმა მოინახულეს კარიერი, გაეცვნენ განსხვავებებს აქტიურ და არააქტიურ კარიერებს შორის, მათ ბიომრავალფეროვნებას, აღდგენის პროცესს. ჩაატარეს ექსპერიმენტები ნიადაგზე, ისწავლეს ნიადაგის ტიპების გარჩევა. მოინახულეს არწივის ხეობა და დააკვირდნენ ლეშიჭამია ფრინველებს.