ჰაბიტატი მცენარისა თუ ცხოველის საცხოვრებელ, საარსებო გარემოს ნიშნავს. დედამიწის თითქმის ყველა წერტილი – ცხელი უდაბნოებისა და ყველაზე ცივი, ყინულოვანი ადგილების ჩათვლით, სხვადასხვა სახეობების ჰაბიტატია. ჰაბიტატების უმეტესობა ცხოველებისა და მცენარეების თანასაზოგადოებაა ჟანგბადთან, წყალთან, ნიადაგთან, სილასა თუ ქვიან ადგილთან ერთად.
უფრო გასაგები რომ იყოს, ჰაბიტატები ორ მთავარ ტიპად შეიძება დავყოთ – წყლის და ხმელეთის. ხმელეთის ჰაბიტატებს კი შეიძლება მიეკუთვნებოდეს ტროპიკული ტყე, უდაბნო და მთები. ტროპიკული ტყეები, ტენიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტი სახეობის ჰაბიტატია, ვიდრე უდაბნო. თუმცა, უდაბნოში სულ სხვა ტიპის სახეობები გვხვდებიან, რომლებსაც არ სჭირდებათ ტენიანი გარემო. მთები გამოირჩევიან ნაკლები ნიადაგითა და ცივი ტემპერატურით. სხვა ტიპის ტყეები, მდელოები და ტუნდრა ასევე მიეკუთვნებიან ხმელეთის ჰაბიტატებს.
წყლის ჰაბიტატები არის მტკნარი ან მლაშე. მტკნარი წყლის ჰაბიტატებს მიეკუთვნებიან ნაკადულები, მდინარეები, ჭაობები, გუბურები და ტბები.
მლაშე ჰაბიტატები – ოკეანეები, ზღვები, მლაშე ტბები და მლაშე ჭაობები.
ზოგიერთი სახეობა მთლიანად წყალზეა დამოკიდებული. თუმცა, არსებობენ სახეობები, მაგალითად წავი, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ ცხოვრობენ წყალში.
ცხოველები თავიანთ საცხოვრებელ გარემოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეგუებოდნენ. მათ განუვითარდათ ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც მოცემულ ჰაბიტატში გადარჩენაში დაეხმარებოდათ. ამას ადაპტაცია ეწოდება და ის ცხოველებს უსაფრთხოდ ყოფნაში, გადაადგილებასა თუ საკვების მოძებნაში ეხმარება.
ბევრ ცხოველს, რომელიც ცივ გარემოში ცხოვრობს, სქელი საფარველი აქვს სითბოს შესანარჩუნებლად. მათი ბეწვი შეიძლება იყოს თეთრიც, თოვლში შეუჩნევლები რომ დარჩნენ. დელფინებს გლუვი სხეული აქვთ, რომ უკეთესად იცურონ. ჟირაფებს კი გრძელი კისერი, ხეების კენწეროებიდან რბილი ფოთლების მოსაწყვეტად.
სამუშაო
ამ სამუშაოს შესრულება საკუთარი ფანჯრიდანაც შეგიძლია.
ამოარჩიე ახლოს მდებარე ადგილი, რომელიც შენი ფანჯრიდან ჩანს – ეზო, ბაღი, პარკი და ა.შ.
დააკვირდი, არის თუ არა აქ ხეები, ბაღი, სხვადასხვა ნაგებობა, გაზონი ან წყალი. არიან თუ არა ყვავილოვანი მცენარეები, ბუჩქები. ცნობ თუ არა რომელიმე მცენარეს?
დახატე ამ ადგილის რუკა და დაარქვი სახელი.
საინტერესოა:
ხანდახან ვფიქრობთ, რომ ბევრი ფრინველი მხოლოდ მცენარის თესლით იკვებება. სინამდვილეში, ისინი მწერებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. მწერებით კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბარტყებისთვისაა. ბევრი ფრინველი კვების რაციონს წელიწადის დროის მიხედვით იცვლის.
შექმენი ჰაბიტატის მოდელი.
მეცნიერები ხშირად იყენებენ მოდელებსა თუ ნახატებს იმისათვის, რომ თავიანთი დაკვირვება აღწერონ და სხვებს გაუზიარონ. გამოიყენე სახლში ნაპოვნი მასალა – პლასტმასის ბოთლები, მუყაო, ძველი ღილები თუ კუბები და სათამაშოები და ააწყვე 3 D მოდელი იმ ჰაბიტატისთვის, რომელიც ზემოთ დახატე. ანდა, აარჩიე შენთვის სასურველი სხვა ჰაბიტატი..
არჩეული ჰაბიტატი:_________________________________________________
აქ მცხოვრები ზოგიერთი ფრინველი: _____________________________________________
სხვა ცხოველები (მწერები, ობობები, …):________________________________
გაგვიზიარე შენი ნამუშევრები ფეისბუქზე.