ოფოფი
ოფოფის ცნობა მარტივია, მისი ფერადი შეფერილობის გამო. მას აქვს გამორჩეული, ვერტიკალური ქოჩორი, რომელიც ზუსტად 28 ბუმბულისგან შედგება. გრძელი, ძლიერი, შავი ნისკარტი მოხრილია და განკუთვნილია მიწაზე საკვების მოპოვებისთვის. ოფოფის ნისკარტი ისეთი ძლიერია, რომ მიწაში ჩარჭობის შემდეგაც კი შეუძლია გახსნას, როდესაც საკვებს ეძებს. ნისკარტი ასევე გამოიყენება ქვების ამოსაბრუნებლად, რომლის ქვეშაც საკვებს ნახულობს. ასვე ხის მერქნის გამოსაჩიჩქნად და ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ ჭიაღუების მოსაძებნად. როდესაც ოფოფი შედარებით დიდ მსხვერპლს იპოვის, ნისკარტით ქვაზე ანარცხებს რათა მოკლას, სანამ მიირთმევს. ოფოფი ძირითადად მწერებით იკვებება, მაგრამ ზოგჯერ არც მცირე ზომის ამფიბიებზე, ქვეწარმავლებსა და კენკროვანებზე ამბობს უარს.
ოფოფი ფრენის ტალღისებურ მეთოდს იყენებს, მისი ფრთების ქნევის მანერა შეიძლება პეპლის ფრენასაც შევადაროთ.
ოფოფის ნახვა ხშირად შეიძლება მიწაზე, უცნაურ პოზაში. მისი ფრთები და კუდი გაშლილია და მიწაზეა დადებული, ხოლო თავი კი უკან აქვს გადადებული და ზევით იყურება. ეს მზის აბაზანების მიღების პროცესია, რომელსაც ხშირად თან ახლავს ქვიშისა და ტალახის აბაზანებიც.
შეჯვარების პერიოდში ოფოფების ნახვა შესაძლებელია ჩვენს ეზოებსა და ბაღებში.
ოფოფმა სახელი მიიღო მისი ძირითადი საკუთარი გალობის გამო, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ოოფ, ოოფ, ოოფ”
ოფოფის ოჯახის წარმომადგენლები პრეისტორიული ხანიდან არსეობობენ. ოფოფის უძველესი ნამარხი დათარიღებულია ეოცენური ეპოქით(56-33 მილიონი წლის წინ), თანამედროვე ძუძუმწოვრების წინაპრებთან ერთად, მაგალითად: ცხენი, ირემი, მარტორქა და ა.შ.
photo by Christian Gönner
გუგული
გუგული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მობუდარი ფრინველია ევროპაში, ის გვხვდება ყველგან ისლანდიის გარდა. მიუხედავად ამისა, მისი ნახვა რთულია, ხოლო მოსმენა კი მარტივი. გუგულსაც მისი ძახილის გამო დაერქვა სახელი, მაგრამ ასეთ ხმას მხოლოდ მამრი გუგული გამოსცემს.
ფრენისას გუგული ხშირად ერევათ მიმინოში, მისი გრძელი წაწვეტებული ფრთებისა და ნაცრისფერი წინწკლების გამო. მიჩნეულია, რომ ეს მიმიკრია პატარა ფრინველების ბუდიდან დასაფრთხობადაა, რათა შემდეგ თავად დადოს შიგ კვერცხი. სწორედ ამითაა გუგული ასე ცნობილი. ყოველ სეზონზე გუგული დებს 12-22 კვერცხს, ყველას სხვადასხვა ბუდეში. როგორც წესი, მდედრი გუგული კვერცხს იმ სახეობის ფრინველის ბუდეში დებს, რომელმაც თავის დროზე ეს მდედრი გუგული გაზარდა. უმრავლესობა ფრინველებისგან განსხვავებით, გუგული კვერცხს შუადღეს დებს და არა დილით. მიუხედავად იმისა, რომ გუგულის კვერცხი ბუდის პატრონის კვერცხს ჰგავს, დადებული კვერცხების დაახლოებით 20%-ს ბუდიდან აგდებენ ფრინველები. თუ გუგულის ბარტყი გამოიჩეკება, ის ყველა სხვა კვერცხს აგდებს ბუდიდან, რათა ნაკლებ კონკურენციაში გაიზარდოს.
გუგულის საყვარელი საკვები ბუსუსებიანი მუხლუხოებია.
გუგული თავს არიდებს ქალაქებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებს, მაგრამ გვხვდება მრავალ ჰაბიტატში, მაგალითად: ტყიან მდელოებზე, სამეურნეო მიწებზე, ბუჩქნარსა და ჭაობებში.
ნამგალა
ნამგალა სრულყოფილი მფრინავია, რომელიც თითქმის მთელ ცხოვრებას ჰაერში ატარებს. ის ჭამს, სვამს, ძინავს და ჯვარდება ჰაერში. მიწაზე მხოლოდ ბუდობისთვის ეშვება. ნამგალა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფრინველია და შეუძლია განავითაროს 200კმ/სთ სიჩქარე.
ისინი საკვებს მოიპოვებენ უფრო მაღლა, ვიდრე მერცხლები, მიგრაციისას იყენებენ ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეს. ყველაზე მაღლა მფრინავი ნამგალა დაფიქსირებულია 10 300 მეტრზე. ამ ფრინველებს შეუძლიათ იფრინონ და გზა გაიკვლიონ ღამე, რა დროსაც იყენებენ ტვინის ერთ ნახევარსფეროს, როდესაც მეორე ნახევარსფეროს ძინავს.
ნამგალებს აქვთ ძალიან პატარა და სუსტი ფეხები, რომლებსაც იყენებენ ვერტიკალურ ადგილებზე დასამაგრებლად, მაგალითად სახლის კედლებზე ან კლდეებზე. ისინი არ სხდებიან მიწაზე.
ნამგალები ბუდეს უმეტესად აშენებენ შენობის ორ დაკავშირებულ კედელს შორის, ასევე კოშკებზე ან სხვა მაღალ ადამიანების აშენებულ ნაგებობებზე. ბუდის ასაშენებლად იყენებს ნერწყვსა და ტალახს. მდედრი დებს 2-3 თეთრი ფერის კვერცხს. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით ნამგალას ბარტყებს შეუძლია სხეულის ტემპერატურის შემცირება და მეტაბოლიზმის შენელება, რაც ეხმარებათ შიმშილობის პერიოდის დაძლევაში. როცა საკვები საკმარისია ბარტყები ძალიან სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან. ბარტყებზე ორივე მშობელი ზრუნავს და 300-დან 1000-მდე მწერისგან შემდგარ საკვებ ბურთებს აჭმევენ.
ხშირად ნამგალები მერცხლებში ერევათ, რადგან ცოტათი გვანან, მაგრამ ისინი ნათესავებიც კი არ არიან. ნამგალას მაკრატლისებრი კუდი ბევრად მოკლეა, ვიდრე მერცხლის. ასევე მერცხლისგან განსხვავებით ნამგალები არ აკეთებენ ბუდეს შენობის გარედან.
photo by Christian Gönner
კვირიონი
კვირიონები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ფრინველები არიან. ისინი ჭამენ მფრინავ მწერებს, ყველაზე ხშირად ფუტკრებსა და კრაზანებს.კვირიონები მწერებს ჰაერში იჭერენ. თუ მათი მსხვერპლი მიწაზე ან ტოტზე დაეშვა, კვირიონს ის აღარ აინტერსებს და სხვა მფრინავი მწერის საძიებლად მიფრინავს. ფუტკრის ან კრაზანის შეჭმამდე, კვირიონი მათ მყარ ზედაპირზე ანარცხებს, რათა ამოაცალოს ნესტარი. ამ დროს მსხვერპლს შხამის უდიდესი ნაწილისაგან ათავისუფლებს.
კვირიონები ერთად ცხოვრობენ და აყალიბებენ კოლონიებს. ისინი ბუდობენ ერთად, მათი ბუდე წარმოადგენს პატარა თხრილს, რომლებიც განლაგებულია ჩამოშლილ გორაკში, ერთმანეთთან ახლოს.
კვირიონების ოჯახში თითქმის ყველა სახეობა მონოგამურია. ბარტყებზე ზრუნავს ორივე მშობელი. ზოგჯერ კოლონიის სხვა წევრებიც ეხმარებიან მშობლებს ბარტყის გაზრდაში, რაც ძალზე იშვიათი მოვლენაა ფრინველებში.
მათი ძახილი სასიამოვნო რაკრაკს ჰგავს.
კვირიონების გვხვდებიან გაშლილ მდელოებზე, ტყიან ადგილებსა და სამეურნეო მიწებზე. დღის განმავლობაში მათი ნახვა შეიძლება ელექტროგადამცემ ხაზებზე, ღობეებსა და ტოტებზე.