რისთვის გვჭირდება დონაცია?
საბუკოს მისია ველური ბუნების, სახეობებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს დაცვა და აღდგენაა საქართველოში;
ჩვენ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ერთდროულად მუშაობს კონსერვაციის, ადვოკატირების, ცნობიერების ამაღლებისა და ადგილობრივების გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობების დიდი ნაწილი მოხალისეობრივია და ადამიანების მხარდაჭერის და გულისხმიერების დახმარებით მიიწევს წინ.
აი, რას ვაკეთებთ:
სახეობების გადარჩენა
შერჩეული, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მონიტორინგი, შესწავლა, მათი გადარჩენის მიზნების დასახვა, საველე კვლევები, უშუალოდ საბინადრო გარემოში მათზე დაკვირვება (იქნება ეს ექსკრემენტების შეგროვებით და გამოკვლევით თუ ფოტოხაფანგების დაყენებით და ამ მასალის დამუშავებით) პოლიტიკის შემუშავება, საერთაშორისო სტრატეგიების განხორციელება მათ დასაცავად.
ჩვენი აქტივობები მოიცავს: ფოტოხაფანგების დაყენებას სახეობების დასაფიქსირებლად; (მაგალითად, გასულ წელს საბუკომ უამრავი წლის მცდელობის შემდეგ პირველად დააფიქსირა ფოცხვერი, რომელიც წითელ ნუსხაშია, რადგან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშეა) ფრინველების აღიცხვას/მიგრაციისას დათვლას; ბადით დაჭერას და ფეხზე რგოლების დამაგრებას, რომლითაც ყველას სპეციალური ნომერი ენიჭება და მათზე და მათი ცხოვრების ციკლზე დაკვირვება მთელი მსოფლიოს მკვლევარებისთვის ხდება შესაძლებელი; გპს გადამცემის დამაგრებას (ბექობის არწივზე და ფასკუნჯზე, რადგან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებია) რაც მიგრაციის ზუსტ ტრაექტორიას და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გვაძლევს ინფორმაციას; სახეობების ჰაბიტატების დაზიანების / მათთვის საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული პროექტების დაკომენტარებას/დაკორექტირების მოთხოვნას/საჩივრებს.
ეს არის კადრი საბუკოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან „უდაბნოს პირისპირ“, ჭაჭუნის აღკვეთილის ველური ბუნების, სახეობების და მათი საცხოვრებელი გარემოს შესახებ.
წელს მოხალისეობრივად შევქმენით დასარგოლი ბანაკი, სადაც 2 კვირის მუშაობის შედეგად, ასობით გადამფრენი ფრინველი დავრგოლეთ, ბუნებაში დავაბრუნეთ და შთამბეჭდავი ფოტოებიც გადავუღეთ.
ჰაბიტატების აღდგენა
სახეობების საცხოვრებელ გარემოებს ბევრი მიზეზით ექმნება საფრთხე. ჰაბიტატების დაკარგვა ნიშნავს შემცირებულ ან გამქრალ სახეობების პოპულაციებს.
ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი საქმიანობაა ჭაჭუნის (და უკვე ვაშლოვანის და მთელი მათ მიმდებარედ არსებული სახეობებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების) აღდგენა. აქ პრობლემა უმეტესად არის ცხვრის დიდი რაოდენობა და ჭარბი ძოვება, რაც ფიტავს ნიადაგს, ანადგურებს ჭალის ტყეს, არ აძლევს მათ ახალი ამონაყარის გაზრდის საშუალებას და ტერიტორია არის გაუდაბნოებული. ეს ნიშნავს რომ ჭაჭუნის დაცული ტერიტორიის გამორჩეული და მდიდარი ბიომრავალფეროვნება ნელ-ნელა დაიკარგება.
ამ ეტაპზე მოვახერხეთ ჩვენ მიერ საცდელად შემოსაზღვრული და მართული საძოვრის 7 ჰექტრის ასე აღდგენა სულ რაღაც 1 წელში. შევიმუშავეთ ძოვების ისეთი გეგმა, რომელიც ამ შედეგს მოგვცემს მთელ ტერიტორიაზე, თუ სახელმწიფოს ექნება ნება მათ მიყვეს.
პოლიტიკა
პოლიტიკის გუნდს ევალება საკანონმდებლო და პოლიტიკის საკითხებზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი ადვოკატირება სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციისთვის; საერთაშორისო პოლიტიკის საკითხების ინტეგრირება ეროვნულ დონეზე; ინფრასტრუქტურული პროექტების დოკუმენტების მონიტორინგი ველური ბუნების შენარჩუნებისთვის.
საბუკომ ბოლო წლების მანძილზე მოახერხა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ველურ ბუნებას პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა, განხორციელებულიყო ცვლილებებით, ხოლო თუ არ იყო ჩატარებული ყველა კანონით აუცილებელი და გარემოს დაცვისთვის საჭირო კვლევა, მოეთხოვა მათი შესრულება და ხელი შეეშალა მშენებლობის პროცესის დაწყებისთვის მისი უვნებლობის დადასტურებამდე ან პოტენციური საფრთხეების გამოვლენასა და ზიანის შემცირების ზომების შემუშავებამდე.
საბუკომ ასევე მოახერხა დაწესებულიყო ახალი რეგულაცია, რომელიც საზღვრავს ცხვრის არასაზიანო რაოდენობას ჰექტარზე, რაც კარგი ბერკეტი გახდება ნიადაგის გამოფიტვისგან დასაცავად.
ჭაჭუნას აღკვეთილში ჩვენ ხელოვნურად მოვაწყვეთ გაბიონ. ის აგუბებს მდინარე იორის წყალს და უზრუნველყოფს ჭალის ტყის დატბორვას, რომელიც წყლის სიმცირის გამო წლიდან წლამდე ნადგურდებოდა. ჭალის ტყე ერთადერთია ჭაჭუნის დაცული ტერიტორიაზე, რომელიც სახეობებს სთავაზობს თავშესაფარს, წყალს, საკვებს. მისი დაკარგვა მთლიანი ბომრავალფეროვნებისთვის ტრაგიკული იქნება.
ცნობიერების ამაღლება
საბუკო წლების მანძილზე სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლებს (წელს ასევე შევქმენით საბუკოს კლუბები), აორგანიზებს სისტემატურ უფასო ღონისძიებებს ბავშვებისა და უფროსებისთვის, რომელიც მოიცავს ბუნებაში გასვლებს, ფრინველებზე დაკვირვებას და უამრავ სხვა საგანმანათლებლო აქტივობას. საბუკო მუდმივად ქმნის და თარგმნის დიდი ოდენობით მასალას, სახელმძღვანელოებს, ბროშურებს, სტატიებს და ცნობიერების ასამაღლებელ უამრავ ინფორმაციას.
ადგილობრივი თემის გაძლიერება
ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილებები უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ, რეგიონებიდან, ადგილობრივებიდან დაძრული. ამისთვის საჭიროა ხალხს ჰქონდეს ცოდნა და რესურსები. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მეცხვარეებს, ჰქონდეთ ნაკლები ხარჯი და ჰყავდეთ უფრო ჯანმრთელი ცხვარი, ვყიდულობთ მათთვის წამლებს, ვუხსნით როგორ აძოვონ სწორად, მიწების მფლობელებს ვუდგენთ გეგმებს, რომელიც ამ მიწას გამოფიტვისგან დაიცავს. ასევე ვცდილობთ სხვადასხვა რეგიონის გარემოსდამცველი აქტივისტების გაძლიერებას, მათი მხარდაჭერით თუ პრაქტიკული ცოდნის და რესურსების გადაცემით.