ფრინველებისათვის სუფთა და გრილი წყლის მიწოდება ცხელ და მშრალ დღეებში, განსაკუთრებით კი – დასახლებულ ადგილებში, ძალიან მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლისთვის.
წყურვილის მოკვლის გარდა, წყალი მათ ბუმბულის ჯანსაღად შენარჩუნებაშიც ეხმარება. შაშვებსა და და შოშიებს ცურვა უყვართ, სხვები, უბრალოდ, მეჩხერ წყალში ჯდომასა და გაგრილებას ამჯობინებენ. ზოგიერთს წუწაობა უფრო მოსწონს.
ფრინველების აბაზანებს შესაძლოა ბაზიც (ლათ. Bombus) კი ესტუმროს.
აბაზანის აშენება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, მაგრამ ზაფხული სწორედ ის დროა, როდესაც წყალი ფრინველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოანია.
რა დაგჭირდებათ?
• თხელი, წყალგაუმტარი თასი, მაგ: ნარჩენების ყუთის ამობრუნებული სახურავი ან დიდი, მრგვალი მცენარის ქოთნის დასადგამი.
• აბაზანას უნდა ჰქონდეს დამრეცი კიდეები, საიდან ამოსვლაც მარტივი იქნება. სიღრმე – მაქსიმუმ 10 სმ! ფართო ზედაპირი უკეთესია – 30 სმ და ზემოთ.
• კენჭები, ქვები, ქვიშა.
• აგური, აბაზანისათვის სიმაღლის მისაცემად, თუ მას დასადგამი არ აქვს.
• წვიმის ან ონკანის წყალი.
აბაზანა ისე მოათავსეთ, რომ ფრინველებისათვის მოახლოებული საფრთხის, განსაკუთრებით კი – კატის შემჩნევა შესაძლებელი იყოს.
გახსოვდეთ, რომ აბაზანა ყოველდღე უნდა დაასუფთავოთ და ახალი წყლით აავსოთ. დაბინძურებული აბაზანით შესაძლოა დაავადებები გავრცელდეს, ან ფრინველები მოიწამლონ. უმჯობესია, თუ თავადაც გამოიყენებთ ხელთათმანებს.
რჩევები:
- https://www.lowes.com/creative-ideas/lawn-and-garden/central-midwest-gardening-diy-garden-birdbath/article
- https://www.rspb.org.uk/get-involved/activities/give-nature-a-home-in-your-garden/garden-activities/maketheperfectbirdbath/
გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ მომზადებული აბაზანის ფოტოები ფეისბუქზე ან მეილზე: office@sabuko.ge
მადლობა, რომ ზრუნავთ ბუნებაზე!