28.04.2021
პროექტის – ‘შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გარემოს დაცვის ერთობლივი მონიტორინგი”– ფარგლებში იგეგმება შავი ზღვის აუზის ქვეყნებისათვის გარემოსდაცვითი მონაცემების მონიტორინგის ჭკვიანი პლატფორმა, რომელის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი სტრანსასაზღვრო თავსებადობის გათვალისწინებით.
ჭკვიანი პლატფორმის საშუალებით მოხდება წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და მდგომარეობის შეფასებისთვის აუცილებელი პარამეტრების გაზომვა და მონაცემების შეგროვება. აღნიშნულს უზრუნველყოფს უკაბელო სენსორული ქსელი, რომელიც მიღებულ ინფორმაციას განათავსებს ვებზე დაფუძნებულ ღრუბლოვან სერვერზე.
საბუკოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ELKO-მ გაიმარჯვა, შესაბამისად, სწორედ ის უზრუნველყოფს პროექტს მონიტორინგისთვის საჭირო აღჭურვილობით. კომპანია აქტიურად მუშაობს მონიტორინგის მიმართულებით და მომხმარებელს საიმედო გადაწყვეტილებების მისაღებად აწვდის სანდო ინფორმაციას ჰაერის ხარისხის, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, მეწყრული პროცესებისა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში, მონიტორინგის სისტემის განსათავსებელი ადგილების შესარჩევად, პროექტის მენეჯერი, ჰიდროლოგები და კომპანია ELKO-ს წარმომადგენლები კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ.
მონიტორინგის სადგურისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერთა უფროსი ემზარ მალანიაც. მონიტორინგის სისტემის განსათავსებლად ადგილის შერჩევა დეტალური შეფასების და განხილვის შემდეგ მოხდა. სადგურების განსათავსებლად ადგილები შეირჩა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეფასდა თითოეული პოტენციური ადგილის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ორივე სისტემა განთავსდება რეინჯერთა თავსესაფრის წინ, პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლში. შერჩეული ადგილი ხასიათდება შემდეგი უპირატესობებით:
- ადგილის უსაფრთხოება;
- ადგილი ხვდება ეროვნული პარკის საზღვრებში;
- ძლიერი GPS სიგნალი;
- სადგურის დამონტაჟებისთვის აუცილებელი სხვა საჭიროებების არსებობა (მაგალითად ელექტროენერგია).