ფრინველებს ბევრი გზა აქვთ ზამთარში გასათბობად. თუმცა, წვიმა, ქარი და დიდთოვლობა მათ მაინც სირთულეებს უქმნის. ფოთოლცვენის გამო ხეები აღარ წარმოადგენენ კარგ თავშესაფარს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ქალაქებში – პარკებში შეიძლება ბევრი საკვები იყოს, მაგრამ ფრინველებს მყუდრო თავშესაფარი არ აქვთ.
სწორედ აქ შეგიძლიათ მათი დახმარება. გადააკეთეთ ფრინველების სახლი მათთვის საძილე თავშესაფრად.
თუ უკვე გაქვთ გაკეთებული ჩიტის სახლი, შეწყვილების სეზონის შემდეგ აუცილებელია მისი გასუფთავება ობის, სხვა სახის სოკოს, პარაზიტების, ტკიპების და ბაქტერიებისაგან, რადგან ისინი მნიშვნელოვნად ვნებენ მათ ჯანმრთელობას.
დააფინეთ ხმელი ბალახი, ხის ნათალი და ნახერხი დამატებითი იზოლაციისათვის. ეს გაზაფხულზე ბუდის გაწმენდასაც გაგიადვილებთ.
მოათავსეთ სახლი ისეთ პოზიციაში, რომ ქარი პირდაპირ შესასვლელს არ უბერავდეს და მტაცებლებისთვისაც მიუწვდომელი იყოს. უკეთესი იქნება, თუ ყუთს შუადღისით მზის სხივები გაანათებს. რჩევები:
თუ ფრინველის სახლს ზამთარში თავშესაფრისათვის აკეთებთ, გამოიყენეთ უფრო სქელი მასალა კედლებისათვის.
შესასვლელი შედარებით დაბლა გაუკეთეთ და არა შუაში. ასე ნაკლები სითბო დაიკარგება.
ძირში დაამატეთ პატარა ხის ანათლები და ნავსი უკეთესი სითბოს იზოლაციისათვის.
შეგიძლიათ, ყუთი არატოქსიკური საღებავით შეღებოთ, ოღონდ – მუქ ფერში, რადგან ასე უფრო მეტად გათბება. შიგნითა ნაწილი არ შეღებოთ.
ააშენეთ ან გადააკეთეთ ფრინველის სახლი? გამოგვიგზავნეთ თქვენი შედეგი მეილზე: office@sabuko.org, სათაურით #გამოწვევაბუნებისათვის
ქალაქგარეთ და სოფლებში ფრინველებს საკმარისი ადგილები აქვთ შეწყვილებისათვის, თუმცა, ქალაქში ეს უფრო რთული ხდება. ინტერნეტში ბევრი მასალაა, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ ფრინველის სახლის აშენება. თუმცა, არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, ყველა ბუდე ყველა ფრინველისათვის შესაფერისი არ არის. ისეთი ბუდე შეარჩიეთ, რომელიც თქვენს გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ ფრინველებს გამოადგებათ.
რომელი ბუდე რომელი ფრინველისათვის?
ასეთი ბუდეები მხოლოდ იმ ფრინველებს ეხმარება, რომლებიც ფუღუროებსა ან ხვრელებში წყვილდებიან. ზოგიერთი ფრინველი მას თავად აშენებს, ზოგი კი – უკვე არსებულზეა დამოკიდებული. ამ ცხრილში ნახავთ, რომელი სახეობის ფრინველებს როგორი ბუდე შეურჩიოთ
დაგჭირდებათ ფიცრები, ლურსმნები, რეზინი (შესაძლებელია ველოსიპედის ბორბლის შიდა ნაწილიც გამოგადგეთ), ბურღი, ჩაქუჩი და ხერხი. ფიცარი სულ მცირე 15 მმ სისქის მაინც უნდა იყოს, სითბოს იზოლირება რომ შეეძლოს და არ დეფორმირდეს. ძირზე 2 ხვრელი მაინც გააკეთეთ, წვიმის ჩასვლის შემთხვევაში წყალს გასასვლელი რომ ჰქონდეს.
სხვადასხვა სახეობის ფრინველები სხვადასხვა ზომის ხვრელებს ამჯობინებენ. თუმცა, ბუნებაში ასეთი სტანდარტული ზომის ხვრელები იშვიათია, ასე რომ, ჩამოთვლილი ზომები მახლოებითი მინიშნებებია.
22 მმ და ზემოთ – მოლურჯო წივწივა
28 მმ და ზემოთ – დიდი წივწივასა და ბეღურისათვის
32 მმ და ზემოთ სახლის ბეღურისა და ხეცოციასთვის
45 მმ შოშიებისათვის
დაამაგრეთ წყალგამძლე კავი სახურავზე, რომ ჩამოსაღებად და გასაწმენდად ადვილი იყოს. ველოსიპედის ბორბლის შიდა მილი იდეალური წყალგამძლე მასალაა. დაჭერით რეზინი ყუთის ზომის შესაბამისად და გააკარით ის ყუთის უკანა მხარეს და სახურავზე ყუთის უკეთესი იზოლაციისათვის.