დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „აგრო ჯონდის“ მიერ დაგეგმილია სამელიორაციო სისტემისა და წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობა. სისტემის მოწყობის მიზანი, სამომავლოდ, 315 ჰა ფართობზე ფსტის ბაღის მორწყვაა.
სამელიორაციო სისტემის ცენტრალური მილსადენი და ერთი სატუმბი სადგური მდებარეობს დაცული ტერიტორიის, კერძოდ, ჭაჭუნის აღკვეთილის საზღვრებში. ამასთან, მონაცემთა გადამოწმებით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორია ემთხვევა ფრინველთათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას – IBA Iori Region-GE011. ანგარიშში განხილული არ არის, რომ საპროექტო ტერიტორია ექცევა „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის „ჭაჭუნა – GE0000003“ ფარგლებში. ვინაიდან, შპს „აგრო ჯონდის“ მიერ დაგეგმილი საქმიანობა არ არის დაკავშირებული ჭაჭუნის „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის საკონსერვაციო მიზნების განხორციელებესთან, მის მართვასთან და შესაძლოა დამოუკიდებლად, ან სხვა საქმიანობასთან ერთად მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს ჭაჭუნაზე, ამიტომ აუცილებელია მომზადდეს ზემოქმედების შესაბამისობის შეფასება. განსაკუთრება ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ სახეობებზე მოსალოდნელ ზემოქმედებაზე. ამასთან შეფასდეს საქმიანობის მოსალოდნელი გავლენა ჭაჭუნის „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე არსებულ შემდეგ ჰაბიტატებზე.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისას, კომპანიის მიერ უნდა მოხდეს არა მხოლოდ დალის მთის წყალსაცავზე ზემოქმედების შეფასება, არამედ მდინარე იორზეც, კუმულაციური ზემოქმედების ჭრილში.
ვინაიდან, სახელმწიფოს მიერ არ არსებობს განსაზღვრული ხედვა დალის მთის წყალსაცავის გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო ჭაჭუნის აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიებზე მონოკულტურის გაშენების ტენდენცია თვალსაჩინოა, მნიშვნელოვანია რომ თითოეული მსგავსი საქმიანობა და პროექტი შეფასედეს არა ფრაგმენტულად, არამედ სხვა პროექტებთან ერთად.
სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციით, საქმიანობის ეტაპზე მოხდება პესტიციდების გამოყენება. მნიშვნელოვანია, გზშ ანგარიშში დეტალურად იყოს ჩამოთვლილი, თუ რომელ პესტიციდს გამოიყენებს კომპანია ფსტის ბაღის მოვლის ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისას და შეფასდეს მათი გამოყენებით გამოწვეული ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე.
საბუკოს მოსაზრებები ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.